Thursday, April 19, 2012

,,ქარვასლაში” უნიკალური გამოფენა - ”უძველესი თბილისი” მოეწყო

საგამოფენო დარბაზში "ქარვასლა” საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და თბილისის საკრებულოს ერთობლივი პროექტის ”უძველესი თბილისი” პირველი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა. თბილისის ტერიტორიაზე გამოვლენილი არქეოლოგიური ექსპონატების გამოფენა საკრებულოს თავმჯდომარემ, დედაქალაქის მერმა, მთავრობის წარმომადგენლებმა და სხვადასხვა ქვეყნის ელჩებმა დაათვალიერეს.  "უძველესი თბილისი” ქალაქის ისტორიის ყველაზე ადრეულ ეტაპებს მოიცავს. პროექტის ორგანიზატორთა განცხადებით, ეს  არის სამეცნიერო-კვლევითი პროგრამა, რომელიც თბილისის არქეოლოგიურ ძეგლთა აღნუსხვას, მონაცემთა ბაზის შექმნასა და არქეოლოგიური მუზეუმ-საცავის ინფრასტრუქტურის გამართვას ითვალისწინებს.
”დღესდღეობით არსებობს ორი თბილისი: ძველი და ახალი. თუმცა რეალურად არსებობს მესამე, უძველესი თბილისიც, იგივე მიწისქვეშა თბილისი. ანუ ქალაქის ის ნაწილი, რომელიც მისი ისტორიის ყველაზე ადრეულ ეტაპებს მოიცავს და რომლის წარმოჩენაც უდიდეს პოპულარობას მოუტანს ჩვენს დედაქალაქს, როგორც ეკონომიკური, ტურისტული, ასევე სამეცნიერო თუ საგანმანათლებლო კუთხით. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიდი ხნის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილება და თბილისის საკრებულოს მიზანმიმართული პოლიტიკა დედაქალაქის განვითარების საკითხში პროექტის წარმატების განმსაზღვრელი იქნება”,-განაცხადა ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია  არაერთი უნიკალური ნივთი. მათ შორის ვერცხლით ინკრუსტირებული ბრინჯაოს აბზინდა ცხენზე ამხედრებული მამაკაცის გამოსახულებით. ეს ნივთი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, როგორც მისი მაღალმხატვრული ღირებულებით, ასევე იმითაც, რომ კავკასიაში მხედრის უადრეს გამოსახულებას წარმოადგენს და მიუთითებს კავალერიის არსებობაზე უკვე ჩვ. წ-მდე XIII საუკუნეში. ცხენის ფიგურაზე ვხვდებით საქართველოში უადრეს მინანქრის ფრაგმენტს. უმნიშვნელოვანესია თრელის სამაროვანის სამარხში აღმოჩენილი ფოლადის დანა, რომელიც იმ ფაქტის მანიშნებელია, რომ თბილისის ტერიტორიაზე რკინის მეტალურგია და ფოლადის წრთობა უკვე ადრეულ ხანაში იყო ცნობილი.
"თბილისი ჩვენთვისაც აღმოჩენაა, იმაზე ძველი აღმოჩნდა ვიდრე გვეგონა. ძველი თბილისი – ამ სიტყვათა წყობა ვიცოდით, მაგრამ აქამდე არ ვიცნობდით სიტყვათა წყობას _ "უძველესი თბილისი”. ამ სიტყვებთან ერთად აღმოვაჩინეთ, რომ თბილისი არა 3000 წლის, არამედ 6000 წლის ყოფილა და ეს ფაქტი და მისი ამსახველი გამოფენა არა მხოლოდ თბილისელებს, არამედ ბევრ უცხოელსაც დააინტერესებს. ამ ეტაპზე საკრებულო მხოლოდ გამოფენის პარტნიორია, თუმცა სამომავლოდ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მთლიანად პროექტის მხარდაჭერასაც გავაგრძელებთ”, - განაცხადა საკრებულოს თვამჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა. 
"ეს არის ის სიმდიდრე და ის თემები, რომლებიც თბილისში მთელმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს.  მეორეს მხრივ კი კარგი და სწორი მიწოდების შემთხვევაში ეს არის ჩვენი ქალაქის მსოფლიო ასპარეზზე უკეთესი კუთხით წარმოჩენის საუკეთესო საშუალება, რაც თავისთავად ნიშნავს ტურისტების მოზიდვას და თბილისის უძველესი კულტურის მატარებელი ქალაქის წარმოჩენას”, - აღნიშნა გიგი უგულავამ.  
პროექტი კოლეგებს თბილისის ყოფილმა მთავარმა არქიტოქტორმა, ამჟამად კი საკრებულოს დეპუტატმა, თბილისის პერსპექტიული განვითარებისა და განაშენიანების საკითხთა შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარემ ნიკა ჩხაიძემ საკრებულოს 29 ოქტომბერის ხდომაზე წარუდგინა. მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია ისეთი კანონმდებლობის შემუშავება, რომელიც მიწის მესაკუთრეს აგრძნობინებს, რომ ნებისმიერი ამ ტიპის აღმოჩენა მის მიწას ღირებულებას მატებს, რომ ეს პრივილეგიაა და არა პრობლემა. 
თბილისის ტერიტორიაზე გამოვლენილი არქეოლოგიური ექსპონატების გამოფენა საგამოფენო დარბაზში "ქარვასლა”  2 თვეს გაგრძელდება.

No comments:

Post a Comment